თეგი: შინაური ცხოველები

ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა, სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს

ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა, სისხლის სამართლის კანონმდებლობაც გამკაცრდეს. “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ პროექტი ფარგლებში პარლამენტში ინიცირებულია “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლები დგინდება. უფრო კონკრეტულად, შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე, რამაც მისი სხეულის მძიმე დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამოციდან ასოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე; შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს სისხლისსამართლის ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით - ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე; პროექტის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას სამოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე; ამავე პროექტით, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე; შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე. გარდა ამისა, მკაცრდება არსებული სისხლის სამართლის სანქცია შემდეგი დანაშაულის ჩადენაზე: ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე; ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.

სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში ძაღლისა და კატის შეყვანა იკრძალება

შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით ინიცირებულ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტშია ნათქვამია. კანონპროექტით იგეგმება ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის შემოღება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: - შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის. პროექტის გათვალისწინებით, ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით. შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით.  

ცხოველის მიტოვება დაჯარიმებას გამოიწვევს - ჯარიმები იმოქმედებს ვაქცინაციისა და სხვა მკურნალობის ვალდებულების დარღვევაზე

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის. კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით; ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება.  

მაია ბითაძე: ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება

ძაღლების გამრავლება ძალიან მკაცრად გაკონტროლდება - როგორც დღეს არის, რომ ძაღლის გამრავლების უფლება ყველას აქვს, ასე აღარ იქნება! - ამის შესახებ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განმარტა. მისი ინფორმაციით, ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება, ხოლო ამ დრომდე როგორც მიმკედლებლები, ასევე ცხოველის მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ. ამასთან, იგეგმება ცხოველის მიკედლებისა და მისი თავშესაფრიდან აყვანის წახალისება. მას შემდეგ რაც ცხოველთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდება, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება შეზღუდვა, რომლის მიხედვით, მრავალბინიანი კორპუსის ბინაში სამზე მეტი ძაღლის ყოლა აიკრძალება. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს მას, მისთვის აღნიშნული შეზღუდვა აღარ იარსებებს. ბითაძის ინფორმაციით, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება. „კანონპროექტზე საკმაოდ დიდი ხანი იმუშავა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, მათ შორის, დედაქალაქის მერიასთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად. ეს არის ძალიან კომპლექსური პროექტი, რომლის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის - ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება იქნება. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასთან (FAO), რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე როგორც მიუსაფარი ძაღლების მასშტაბური აღრიცხვა დაიწყება. კანონპროექტის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებას და იმ ძალიან მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში სტერილიზაცია-კასტრაციის მასშტაბური პროგრამა არსებობს, რომელიც ამ კანონპროექტის თანახმად უნდა გაძლიერდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა მუნიციპალიტეტისთვის ეტაპობრივად 80 მლნ ლარზე მეტი უნდა გამოიყოს. ქუჩაში გაგდებული და უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლების რაოდენობა სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას მნიშვნელოვნად ასწრებს. კანონპროექტის მიხედვით, ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება და ამ დრომდე როგორც მიმკედლებლები, ასევე ცხოველის მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ. ამ ვადის შემდგომ, ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი ცხოვრების ციკლის განმავლობაში მოხვდება (ვეტერინარული კლინიკა, საშენი, სასტუმრო, თავშესაფარი და სხვა), ვალდებული იქნება ძაღლის რეგისტრაცია გადაამოწმოს, რაც შემდგომ იმ ადამიანის მიკვლევას გააადვილებს, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო. მეპატრონეები უნდა შევეჩვიოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ არ ვაპირებთ ძაღლის ლეგალურად გამრავლებას, რათა ლეკვების ან კნუტების რეგისტრაცია მოხდეს, ჩვენს ცხოველს კასტრაცია-სტერილიზაცია უნდა გავუკეთოთ. გვაქვს გარკვეული დახმარების მექანიზმები, მათ შორის, მიმკედლებლებისთვის, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, გარკვეული პერიოდი სტერილიზაცია-კასტრაციის, ასევე ცოფზე ვაქცინაციის პროგრამა გააგრძელოს. ჩვენი მთავარი მიზანია, შეიქმნას ჰუმანური სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ ძაღლებთან მიმართებით წლებია არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს. ასევე არის გარკვეული დებულებები, რომელიც არახალია - მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველის ალიკაპით ან საბმელის გარეშე ტრანსპორტირება იკრძალება. ამ კუთხით სიახლე გვაქვს კანონპროექტში - შეზღუდვა მხოლოდ მოკლე საბელამდე რჩება, ხოლო მცირე ზომის ცხოველის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩანთით ან მოკლე, ძაღლის ტრანსპორტირების საშუალებით. კანონპროექტით, ასევე განსაზღვრულია მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი. კანონპროექტის თანახმად, გვექნება საშუალება, მთავრობამ სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად გარკვეული შეზღუდვა შემოიღოს მათ გამრავლებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ქართული ენდემური ჯიშის ძაღლებს არ შეეხება,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.  

კალაძე კანონპროექტზე: ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ და აღნიშნული კანონმდებლობის დისკრედიტაციის მიზნით, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გავრცელდა. კახა კალაძის თქმით, თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. „შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი, ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს. მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. საგრძნობლად გავზარდეთ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მაგრამ დახარჯული ძალისხმევა ვერ ეწევა უკონტროლოდ გამრავლებული და მიუსაფარი ცხოველების რიცხვს,“ – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრას ჰუმანური და ეფექტიანი გზებით გეგმავს. „კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა. ამ მიმართულებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს,“ – აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება. „პოპულაციების მართვის ცენტრის მშენებლობის შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება,“ – განაცხადა კახა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, სამომავლოდ კი არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება. „მობილური ვეტკლინიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია. ცხოველების შიდა და გარე ვოლიერები, ლაბორატორიისა და საოპერაციო ბლოკი განახლდება და თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით აღიჭურვება. თავშესაფარი დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც აღიარებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ,“ – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა. „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება თითოეულ გამოძახებაზე და დამატებით გამოვყოთ ჯგუფები ქალაქში მონიტორინგისთვის. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და, შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.  

მაია ბითაძე: 2 წელში სავალდებულო იქნება, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს

„2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს,“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. მაია ბითაძის თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს. „დღეს რატომღაც ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო კარგი კინოლოგი, ძაღლთმცოდნე, ბიჰევიორისტია, ინბრიდინგი თუ ექსბრიდინგი იცის. მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლი თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და ამიტომ მაქვს დიდი პრობლემები. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს. ეს სისტემა ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებს და ფერინოლოგებს საშუალებას მისცემს, რომ ტრენინგკურსები, რომელსაც ახლაც ახორციელებენ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში მოაქციონ, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი და ჩვენთვის, ყველასთვის, 2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული, რადგან შესაძლებელია შპიციც კი აგრესიული გავხადოთ, თუ არასათანადოდ გავზრდით. ეს შესაძლებელია მივამგვანოთ ადამიანს, რომელიც ისეთი იზრდება, რა პირობებშიც გაზრდიან,“ - განაცხადა ბითაძემ. სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში ძაღლისა და კატის შეყვანა იკრძალება კალაძე კანონპროექტზე: ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს  

"სახლის" კატებისა და ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაცია სავალდებულო გახდება

საქართველოს პარლამენტში დაიწყო შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება ყველას, ვისაც სახლში ჰყავს კატა ან ძაღლი, ან რომელიმე ცხოველი ეზოში შეიფარა. დღეს, 15 მარტს, გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტი განიხილება, დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა დეპუტატმა მაია ბითაძემ კოლეგებს განუმარტა, რომ ყველა მეპატრონე ვალდებული იქნება, საკუთარ ძაღლსა და კატას კასტრაცია/სტერილიზაცია გაუკეთოს. კანონში ასევე ჩაიწერება ვადები, როცა ოჯახს საკუთარი შინაური ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაცია შეეძლება. შინაური ცხოველის გამრავლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ლიცენზირებულ საშენში. „ჩვენ აღარ ვართ არც ვეტერინარები, არც კინოლოგები. უბრალოდ რაღაც გვსმენია და რაღაც გაგვიგია... თუ არ გვინდა, რომ სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ ცხოველს?! უნდა გავუკეთოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს!.. ვისაც არ გავუკეთებთ, ეს იქნება სანაშენე ცხოველი, რომელიც საშენს ეყოლება. ასევე ძალოვანი სტრუქტურების ცხოველები სტერილიზაცია/კასტრაციას არ დაექვემდებარებიან, მათი რეჟიმი სხვა არის. ეს არის ცხოველი, რომელსაც ჩვენ ქუჩაში ვხვდებით," - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 2023 წლის 27 დეკემბერს დაარეგისტრირეს.